English / ქართული / русский /
ხათუნა თოდუა
საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა: ქართული რეალობა და ძირითადი გამოწვევები

ანოტაცია

დღევანდელ საპენსიო სისტემას, რომელშიც პენსიების დაფინანსება-გაცემა უშუალოდ მიბმულია სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებებს, მნიშვნელოვანი გარდაქმნა ესაჭიროება, ვინაიდან დღეისათვის რადიკალურად იცვლება ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა, დასაქმების მაჩვენებლები და სხვა პარამეტრები, რის გამოც მოქმედი საპენსიო მოდელი ცხოვრებისეულ რეალობასთან სულ უფრო ნაკლებ შესაბამისობაშია. მიზანშეწონილია ქვეყანაში  სავალდებულო დაგროვებადი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბება.

საკვანძოსიტყვები:  საპენსიოსისტემა, საპენსიორეფორმა.

თანამედროვე ეკონომიკურ პირობებში პრობლემებს განიცდის მრავალი ქვეყნის საპენსიო სისტემა. ,,საპენსიო რეფორმების განხორციელება ბევრ სახელმწიფოში გადადებას არ ითმენს, ამიტომაც ევროპული ქვეყნების უმეტესობა საპენსიო სისტემის ცვლილების ან სულაც ახალი მოდელების შექმნის პროცესში იმყოფება" [2, 2013: 16].

ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული, ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალური სიდუხჭირე დღის წესრიგში აყენებს საპენსიო რეფორმის გატარების აუცილებლობას საქართველოშიც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საპენსიო უზრუნველყოფის სისტემაში დღეს შექმნილი მდგომარეობის შეფასება, ძირითადი გამოწვევების გაანალიზება  და სწორი სამოქმედო სტრატეგიის დაგეგმვა.

დღეს საქართველოში სოციალური დაზღვევის სისტემის არსებობის აუცილებლობის მიზეზებია:

  • საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა; საქართველო არის დემოგრაფიულად ხანდაზმული ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპენსიო ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მაღალია;
  • დასაქმებულთა და პენსიონერთა შორის არსებული თანაფარდობა; სახეზეა მოსახლეობის ზრდის ტენდენციის შემცირებისა და მომუშავეთა რაოდენობის კლების ფონზე სახეზეა პენსიონერთა რიცხვის მატება.

მიუხედავად იმისა, რომ შობადობის ტენდენცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადებითია და შობადობის რიცხვი იზრდება (2006 წელს 47 800 ახალშობილი, ხოლო 2014 წელს - 60 600), გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, შობადობის ტენდენციის მნიშვნელოვანმა ვარდნამ საგრძნობი ზეგავლენა იქონია სამუშაო ასაკის მოსახლეობის (15 წლიდან საპენსიო ასაკამდე) რაოდენობრივ სტრუქტურაზე. შობადობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად თუ არ გაუმჯობესდა, გრძელვადიან პერსპექტივაში (2060 წლისათვის)  სამუშაო ასაკის მოსახლეობის რაოდენობა 5 %-ით შემცირდება.

    

 დიაგრამა1. დემოგრაფიული პროგნოზი (2014-2060 წწ.).

 წყარო:  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

 სამუშაო ასაკის მოსახლეობის შემცირება, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე.

ამასთან, სამუშაო ძალის სტრუქტურაში  ყველაზე დიდი ადგილი თვითდასაქმებულებს უჭირავთ. 2014 წლის მონაცემებით, მხოლოდ 1,1 მილიონი ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი პირი დაფიქსირდა, თუმცა, მხოლოდ 695 ათასი პირი დაფიქსირდა წლის განმავლობაში 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით დასაქმებული, მაშინ, როცა სოციალური პენსიის, შშმ პირების, მარჩენალდაკარგულთა და განსაკუთრებული კატეგორიის პენსიის მიმღებთა რაოდენობა 878 ათასს აღემატება. აღნიშნული მონაცემები ნათლად წარმოაჩენს არსებულ დიბსლანსს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა და აღნიშნული დახმარების მიმღებთა რიცხოვნობას შორის.

 

 დიაგრამა 2. სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის შემადგენლობა, 15-65, 2014.

 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

2005 წლიდან სოციალური პენსიის ოდენობა 10-ჯერ გაიზარდა და 2015 წელს მთლიანმა ხარჯმა (მარჩენალდაკარგულთა და შშმ პირების ჩათვლით) შეადგინა მშპ-ს 5,2%, რაც მთლიანი საბიუჯეტო ხარჯების 16,2%-ია. დემოგრაფიული სტრუქტურის მოსალოდნელი ცვლილების გათვალისწინებით, ასაკით პენსიონერთა ხარჯები 2060 წლისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგნოზით, მთლიანი საბიუჯეტო ხარჯების 33%-ის ტოლფასი იქნება, ამასთან, 2060 წლისათვის, თუკი არსებული 18%-იანი ჩანაცვლების კოეფიციენტი შენარჩუნებული იქნება, ასაკით პენსიონერთა ხარჯები მიაღწევს მშპ;-ს 10%-ს. სამუშაო ასაკში მყოფი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებისა და პენსიონერთა რაოდენობის მატების ფონზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, სულ უფრო გართულდება პენსიის არსებული ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება, ეს საბიუჯეტო რესურსის სულ უფრო მზარდ მობილიზაციას მოითხოვს მომავალში.

 ცხრილი  1.

 

2013

2014

2015

მთლიანი ხარჯი (მლნ ლარი)

7 863,6

8 813,3

9 659,4

Pპენსიები (მლნ ლარი)

1 030

1 049

1 132

წილი მთლიან საბიუჯეტო დანახარჯებთან მიმართებით ( %)

 

13,1

 

11,9

 

11,7

      წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტო.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა რაოდენობის და ხარჯების მიხედვით სოციალური პენსია ყველაზე დიდ სოციალურ პროგრამას წარმოადგენს და მასზე სახელმწიფო ხარჯების საკმაოდ მაღალი წილი მოდის, იგი პენსიონერთა ღირსეულ სიბერეს მაინც ვერ უზრუნველყოფს.

დღეს საქართველოში შესაძლო სამსვეტიანი საპენსიო სისტემის მოდელიდან პრაქტიკულად მხოლოდ ორი სვეტი ფუნქციონირებს, აქედან პირველი - სახელმწიფო პენსიების კომპონენტი - მთლიანად მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის ამჟამინდელ საპენსიო უზრუნველყოფას და იგი, დროთა განმავლობაში, შეიძლება დეფიციტური და კრიზისული  გახდეს, ხოლო, რაც შეეხება მესამე სვეტს - ნებაყოფლობით დაგროვებად პენსიას - ეს კომპონენტი პრაქტიკულად ძალიან უმნიშვნელო ტემპით ვითარდება: ,,არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა საქართველოში განვითარების ძალიან დაბალ დონეზეა და სამთავრობო ინიციატივების გარეშე  მისი გამოცოცხლება შეუძლებელია. მძიმე სოციალური ფონი და ფინანსური ინსტიტუტების მიმართგაზრდილი, მაგრამ არასაკმარისი ნდობა ხელს უშლის კერძო საპენსიო დაზღვევის განვითარებას" [მურღულია შ., 2013].

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის მაჩვენებლები მოკრძალებულია. ასეთ სიტუაციაში მიზანშეწონილია სავალდებულო დაგროვებადი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბება. ,,აუცილებელია ეტაპობრივად დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საბაზისო პენსიის არამდგრადი ზრდისაგან გამოწვეული წნეხის შემსუბუქებას. ასევე მნიშვნელოვანია საბაზისო პენსიის ინფლაციასთან მიბმის პრინციპის შემოღება და პენსიის ზრდის ყველაზე ღარიბ პენსიონერებზე ორიენტირება, რაც დაიცავს პენსიის მსყიდველობითუნარიანობას" [4.2013:57].

სახელმწიფოსათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან თანამშრომლობა და რისკების გაყოფა ყველა იმ სექტორში,  სადაც ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს, მნიშვნელოვანია არასახელმწიფო საპენსიო სისტემის, როგორც სოციალური დაცვის ერთ-ერთი ბერკეტის როლის ზრდა.

კერძო სქემების ამოქმედების და დაგროვებით პენსიაზე გადასვლის ხელშეწყობა, როგორც წესი, უპირატესად საგადასახადო სტიმულების შექმნის გზით ხდება. მცირე ხნის განმავლობაში (2004 წელს) საქართველოშიც არსებობდა არასახელმწიფო საპენსიო დანაზოგების დაგროვების საგადასახადო ხელშეწყობის პრეცედენტი (როცა დამქირავებელს შეეძლო, კერძო საპენსიო ფონდში დაქირავებულის ანარიცხის შეტანა ხარჯებში გაეტარებინა), მაგრამ ახალმა საგადასახადო კოდექსმა ეს შეღავათი გააუქმა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნორმის რამდენიმეთვიანი მოქმედებაც საკმარისი იყო, რათა საპენსიო სქემების მიმართ ინტერესი გაზრდილიყო.

ცხადია, საწყის ეტაპზე საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში კერძო სქემების ხელშემწყობი მექანიზმების შემოტანა ნაწილობრივ შეამცირებს იმ შემოსავლებს, რომლებიც არსებულ საგადასახადო რეჟიმში იკრიბება, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს წაახალისებს საპენსიო სქემების ამოქმედებას და ხელს შეუწყობს ახალი ტიპის ინსტიტუციური ინვესტორების _ კერძო საპენსიო ფონდების შექმნას, რომელთა საქმიანობა ასევე უზრუნველყოფს დამატებით ეკონომიკურ აქტივობას და, შესაბამისად, გადასახადების გადახდას.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც განხორციელდა საპენსიო რეფორმები, ეს წამოწყება ყოველთვის სარგებლობდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით (იხ. ცხრილი  №2).

ცხრილი  2

მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარება სხვადასხვა ქვეყნებში საპენსიო რეფორმების განხორციელებისას.

ქვეყანა

თანხა (მლნ დოლარი)

ბრაზილია

1 326

მექსიკა

604

არგენტინა

481

პერუ

363

ყაზახეთი

324

რუსეთი

288

თურქეთი

198

 წყარო:    მსოფლიო ბანკი.

როგორც საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, საპენსიო პრობლემატიკის მოგვარება, პირველ ყოვლისა, სისტემის ინსტიტუციურ შეცვლასა და გამართვას მოითხოვს, რაც მეტად რთული სამუშაოების შესრულებასთანაა  დაკავშირებული.

ამგვარად, საქართველოში სახეზეა დემოგრაფიული გამოწვევები, მცირე ზომის ეკონომიკა, გადასახადების გადამხდელთა შეზღუდული რაოდენობა, რაც საფრთხეს უქმნის არსებულ საპენსიო სისტემას; ,,მთავრობის საბიუჯეტო ვალდებულებები სოციალური პენსიის კუთხით, ყოველწლიურად იზრდება, რაც კლებადი სამუშაო ძალის და მზარდი პენსიონერთა რაოდენობის ფონზე სირთულეს წარმოადგენს" [3.2016:15]. ამასთან, არსებული სახელმწიფო პენსია ვერ უზრუნველყოფს ხანდაზმულ მოქალაქეთა ღირსეულ სიბერეს; ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საჭიროა ახალი საპენსიო მოდელის დანერგვა, რომელსაც ექნება დაგროვებითი ხასიათი და საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, თავადვე ჩაუყარონ საფუძველი მომავალში საკუთარ ღირსეულ სიბერეს. ამასთან, აღნიშნული მოდელი შექმნის პირობებს რისკების შემცირებისათვის, განაპირობებს უფრო მაღალ მოქნილობას საპენსიო უზრუნველყოფაში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობის მოცულობათა განსაზღვრისას.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. მურღულია შ., ვუახლოვდებით ევროპას? ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

http://heconomic.wordpress.com/2013/07/27/pension-georgia    

2. საპენსიო რეფორმა, გლობალური და ქართული პერსპექტივა - საჭიროა თუ არა საპენსიო რეფორმა?  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანგარიში, თბ., 2013.

3. საქართველოს საპენსიო რეფორმა, არსებული სოციალური საპენსიო სისტემის მოდიფიკაცია და კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანგარიში, 2016 წ. მარტი.

4. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო - 2020, საქართველოს მთავრობა, 2013 წ. ნოემბერი.